რაგბი | „შავმა ლომმა“ იტალიურ ტურნეში მეორე მატჩი „ბენეტონთან“ გამართა #1TVSPORT
იტალიურ ტურნეში მყოფმა „შავმა ლომმა“ მერე ამხანაგური მატჩი „ბენეტონთან“ გამართა და 15:22 დამარცხდა.
ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში ლუკა ცირეკიძის მიერ დადებული ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ლელოს დადება, რომელიც ზუსტად გარდასახეს და დაწინაურდნენ.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „შავმა ლომმა“ კარგი შეტევა განახორციელა, რომელიც ირაკლი ქვათაძემ ლელოთი დააგვირგვინა, ცირეკიძემ ვერც ამჯერად გარდასახა და ტაიმი ქართველებმა 10:7 მოიგეს.
მეორე ტაიმში „ბენეტონმა“ დიდი ძალებით შეუტია, „შავი ლომი“ თავს იცავდა, მაგრამ იტალიელებმა ჯერ ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ორი ლელო დადეს და წინ გავიდნენ – 22:10.
შეხვედრის დასრულებამდე „შავმა ლომმა“ ერთი ლელო გაქვითა (იოსებ გუშარაშვილი) და საბოლოოდ 15:22 დამარცხდა.
იტალიური ტურნეს პირველი მატჩი 6 სექტემბერს ქართულმა გუნდმა „ძებრე პარმასთან“ გამართა და 12:26 წააგო.
დეკემბერში „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ქართული გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ოსფრიზი“ (უელსი), „ქონოჰი“ (ირლანდია), „ძებრე პარმა“ (იტალია), „მონპელიე“ (საფრანგეთი) და „მონტობანი“ (საფრანგეთი) იქნებიან.
„შავი ლომის“ თამაშების განრიგი:
6 დეკემბერი, 2025, თბილისი | „შავი ლომი“ – „მონპელიე“;
13 დეკემბერი, 2025, გოლუეი, ირლანდია | „ქონაჰი“ – „შავი ლომი“;
10 იანვარი, 2026 მონტობანი, საფრანგეთი | „მონტობანი“ – „შავი ლომი“;
17 იანვარი, 2026, თბილისი | „შავი ლომი“ – „ძებრე პარმა“.