რაგბი | „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე „ძებრეს“ „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლებს #1TVSPORT
ჩელენჯ თასის მეოთხე ტურში „შავი ლომი“ 17 იანვარს თბილისში იტალიურ „ძებრეს“ მიიღებს – მატჩი „ავჭალის“ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
აქამდე გამოცხადებული იყო, რომ ეს თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ადგილი შეიცვალა და შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ განაცხადა:
„გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. წინა ტურში უამინდობის გამო EPCR-ის ერთი თამაში გადაიდო. 17 იანვარს მოსალოდნელი თოვლის გამო, გადავწყვიტეთ, რომ თამაში ავჭალაში გადაგვეტანა, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოედნის გაწმენდას და EPCR-ის მატჩებისთვის საჭირო ხარისხით მომზადებას.
ასე რომ, ველოდებით მაყურებელს 17 იანვარს, 17:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე „ძებრესთან“ მნიშვნელოვან და პრინციპულ თამაშზე“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.