რაგბი | „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე ტურში „კასტრის“ წინააღმდეგ დამარცხდა #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე ტურში „კასტრის“ წინააღმდეგ დამარცხდა #1TVSPORT

„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად ფრანგულ „კასტრის“ დაუპირისპირდა და 6:28 დამარცხდა.

მატჩი ქართული სარაგბო ფრენჩაიზის მოთამაშეებმა აქტიურად დაიწყეს და ლუკა მატკავას მიერ გატანილი საჯარიმოთი მე-12 წუთზე წინ გავიდნენ – 3:0.

ფრანგულმა გუნდმა ამის შემდეგ თავისი თამაში იპოვა, თუმცა პირველი ტაიმი მხოლოდ 7:3 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში „კასტრი“ უფრო აქტიურად გადავიდა შეტევაზე, „შავმა ლომმა“ კი შეცდომებს მოუმატა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელო დადეს და გარდასახეს.

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასზე „შავი ლომი“ სადებიუტო მატჩში თბილისში ინგლისურ „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა, მეორე ტურში კი სტუმრად შოტლანდიაში „სკარლეტსს“ 23:7 მოუგო. მომდევნო ტურში ქართული გუნდის მეტოქე ფრანგული „კლერმონი“ იქნება. შეხვედრა თბილისში 20 იანვარს ჩატარდება.

ამ მომენტისთვის „შავი ლომი“ ერთი გამარჯვებითა და ორი მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა.

„შავი ლომი“:

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.