რაგბი | „შავი ლომი“ ახალ სეზონს თბილისში „ბენეტონთან“ მატჩით გახსნის #1TVSPORT

12:58, 07.09.2026

„შავი ლომი“ ახალ სეზონს 12 სექტემბერს თბილისში, იტალიურ „ბენეტონთან“ საკონტროლო მატჩით იწყებს – შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

„შავმა ლომი“ „ბენეტონს“ გასული წლის სექტემბერში იტალიური ტურნეს ფარგლებში შეხვდა. დაძაბული თამაშის პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 10:7 მოიგო, თუმცა საბოლოოდ მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, 22:15 დასრულდა. ამჯერად „ბენეტონი“ საქართველოს საპასუხო ვიზიტით ეწვევა.

„ბენეტონი“ 1932 წელს დაარსდა, 1995 წლიდან პროფესიულ კლუბად ჩამოყალიბდა და 15-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, მათ შორის ათჯერ 1997-2010 წლების პერიოდში. ევროთასებზე საუკეთესო შედეგს კლუბმა ჩელენჯ თასზე 2022-2023 და 2023-2024 წლების სეზონებში მიაღწია, როდესაც ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა.

„ბენეტონთნ“ მატჩის შემდეგ „შავი ლომი“ ინგლისში გაემგზავრება, სადაც 18 სექტემბერს ინგლისის ჩემპიონს, „ნორთჰემპტონს“ შეხვდება.

„შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. 2026 წლის შემოდგომაზე გასამართ ტურნირზე ქართული გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს „ავჭალის“ სტადიონზე „ოსფრიზთან“ (უელსი) ჩაატარებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, ჯეიმს ამაანი;

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომან მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე.

მსგავსი