რაგბი | „შავი ლომი“ ახალ სეზონს იწყებს - „იბერიანსთან“ მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ ახალ სეზონს იწყებს - „იბერიანსთან“ მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ახალ სეზონს იწყებს – ქართული გუნდი 4 ნოემბერს, 16:00 საათზე ავჭალის სტადიონზე ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლებს.

„შავმა ლომმა“ ამ მატჩისთვის მზადება ერთი კვირის წინ „შევარდენის“ ბაზაზე ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე უთავკაცებს.

2023 წლის მსოფლიო თასზე მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებების გამო, „შავ ლომს“ „იბერიანსთან“ გამოცდილი მოთამაშეების დიდი ნაწილი დააკლდება. ტრავმირებული და საოპერაციოა კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. მომავალ თამაშს ტოვებენ მირიან მოდებაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნოდარ ჭეიშვილი და დემურ თაფლაძე.

„იბერიანსთან“ გასამართ სუპერთასის პირველ შეხვედრაში „შავი ლომის“ შემადგენლობაში შვიდი დებიუტანტია, მათგან ოთხი სასტარტო შემადგენლობაში იქნება, სამი კი – მარქაფაში.

ცენტრში თამაშს იწყებს ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერიდან“ („შავი ლომის“ მომავალი მეტოქე „ჩელენჯ თასზე“) დაბრუნებული გიორგი კვესელაძე, რომელიც გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. დებიუტანტია ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ღერძზე თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი ითამაშებს, ფრთებზე კი გამოცდილი სანდრო თოდუა და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან.

დებიუტანტია კვაჭი ბექა მამრიკიშვილი. ბურჯები დავით აბდუშელიშვილი და ნიკა პატარაია არიან, მეორე ხაზში კი გრიგორ ქერდიყოშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან. ფლანკერებად თამაშს ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი იწყებენ, ხოლო შერკინების შემკვრელი ილია სპანდერაშვილი იქნება – 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი (2017 წელს), რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ თამაშობდა და სამშობლოში დაბრუნდა.

სამი დებიუტანტია მარქაფაში – კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა სოსო მათიაშვილი, რომელიც თამაშში ამჯერად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, სუპერთასზე წელსაც რვა გუნდი ითამაშებს, თუმცა ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება. რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან.

A ჯგუფში „შავ ლომთან“ ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის „თელავივ ჰითი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“ და ესპანური „იბერიანსი“ მოხვდნენ; B ჯგუფში რუმინული „ვულვზი“, ბელგიური „დევილსი“, ნიდერლანდური „დელტა“ და ჩეხური „ბოჰემია“ ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება. A ჯგუფის სამი მოწინავე გუნდი და B ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ხოლო A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი და B ჯგუფის სამი გუნდი კი მეხუთე-მერვე ადგილებს გაითამაშებენ.

შავი ლომის შემადგენლობა „იბერიანსთან მატჩისთვის:

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ლუზიტანუში“ „თელავივ ჰითს“ დაუპირისპირდება.