რაგბი | საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერია იაპონიასთან შეხვედრით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების დასკვნითი შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან გამართა და 23:25 დამარცხდა.
საქართველო – იაპონია 23:25
საქართველო
ლელო: თაფლაძე, კახოიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე (2)
ჯარიმა: აბჟანდაძე (3)
იაპონია
ლელო: რაილი
გარდასახვა: სენ სინ ლი
ჯარიმა: სენ სინ ლი (6)
ამ შეხვედრას „ბორჯღალოსნებისთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მოწინავე 12 გუნდს შორის შეინარჩუნებდა ადგილს და 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის მეორე კალათაში მოხვდებოდა.
ანგარიში თედო აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტმით გახსნა, მაგრამ იაპონელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი კარგად ისარგებლეს მოედნის ცენტრში ქართველების მიერ დაშვებული შეცდომით და ლელოს დადება მოახერხეს.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 16:6 მოიგეს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ორი ლელოს დადება მოახერხა და შეხვედრის დარულებამდე სამი წუთით ადრე დაწინაურდა – 23:22.
მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა – „ბორჯღალოსნები“ ე.წ. გაწითლებულ დროში დაჯარიმდნენ, იაპონელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ 25:23 მოიგეს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი ვერ შეინარჩუნა და მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას მესამე კალათაში იქნება.