რაგბი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა - „ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდები დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდებს უმასპინძლა და მეტოქე ბონუსქულით დაამარცხა.
საქართველო – ნიდერლანდები 40:7
ლელო: კახოიძე, ლობჟანიძე, ტაბუცაძე, მამაიაშვილი, საღინაძე, ჯავახია – დე იონგი.
გარდასახვა: მატკავა (2), ნინიაშვილი (3) – მეიერი.
ამ მოგებით „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე (2027 წელს) თამაშის უფლება ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს.
ქართველმა მორგაბეებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდეს – თავი თორნიკე კახოიძემ, ვასილ ლობჟანიძემ და აკაკი ტაბუძაცემ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე „ბორჯღალოსნები“ 14 მორაგბით დარჩნენ – არბიტრმა ბექა გორგაძეს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

მიუხედავად ამისა, ქართველმა მორაგბეებმა მეორე ნახევარშიც სამი ლელოს დადება შეძლეს. ნიდერლანდებმა მატჩის მიწურულს პრესტიჟის ლელო დადეს და ზუსტადაც გარდასახეს. საბოლოოდ „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 16 თებერვალს სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 2027 წელს ავსტრალიაში, მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად, 24 გუნდი ითამაშებს. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალ მსოფლიო თასზე ოთხი გუნდი მოხვდება (ტურნირის ნახევარფინალისტები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს ორ გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).