რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ესპანეთი – საქართველო 32:62
ესპანეთი
ლელო: არიკეტა, ფოლდი, კიანი, ბორონატი
გარდასახვა: ვინუესა, ინიაკი მატეუ (2)
ჯარიმა: ვინუესა (2)
საქართველო
ლელო: ნინიაშვილი (3), ტაბუცაძე (2), სპანდერაშვილი, ლობჟანიძე, კარკაძე, ჯაფარიძე, ქვათაძე
გარდასახვა: ნინიაშვილი (2), პაპუნაშვილი (4)
ქართველ მორაგბეებს ამ შეხვედრაში აუცილებლად სჭირდებოდათ ბონუსქულით მოგება, რათა ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით ესარგებლათ. ეს ამოცანა „ბორჯღალოსნებმა“ პირველივე ტაიმში გადაჭრეს და მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, თავი სპანდერაშვილმა, ლობჟანიძემ, ტაბუცაძემ, კარკაძემ, ჯაფარიძემ და ნინიაშვილმა გამოიჩინეს.
პირველი ტაიმი ქართველმა მორგაბებმა 34:13 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო დადო, თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, რომელმაც ამ თამაშში მეორე, ნაკრების მაისურით კი 46-ე ლელო მიითვალა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შევიდა, გადაასწრო ლეგენდარულ ბოდენ ბარეტს (ახალი ზელანდია) და გაუთანაბრდა ჯო როკოსოკოს, კრისტიან კალენსა და ჯულიან სავეას (სამივე – ახალი ზელანდია).
54-ე წუთზე „ბორჯღალოსნები“ კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა წესების დარღვევისთის მოედნიდან გიორგი კვესელაძე გააძევა.

თუმცა ამის მიუხედავად, ქართველ მორაგბეებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. საბოლოოდ კი მეტოქეს 10 ლელო დაუდეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში 1 ან 2 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.