რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე მეორე მატჩიც მოიგო – „ბორჯღალოსნებმა“ სამოა დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე, ერთა თასზე მეორე მატჩი სამოასთან გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.
სამოა – საქართველო 12:33
სამოა
ლელო: პაია’აუა, ასიატა
გარდასახვა: ალატიმუ
საქართველო
ლელო: ივანიშვილი, კვესელაძე, სპანდერაშვილი
გარდასახვა: მატკავა (2), აბჟანდაძე
ჯარიმა: მატკავა (4)
„ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმში ქულების მოპოვებაზე გააკეთეს აქცენტი და როდესაც შესაძლებლობა მიეცათ, კიდეზე ბურთის გადატანას ჯარიმის შესრულება ამჯობინეს – ლუკა მატკავამ სამჯერ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 9:0 დაწინაურდა.
სამოელებმა ტაიმის შუაში ერთი გარდასახული ლელოთი სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 38-ე წუთზე ქართველი მორაგბეების შეტევა ლუკა ივანიშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დასრულდა – პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 16:7 მოიგო.
მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნების“ ლელოთი დაიწყო – სწრაფი შეტევისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა (რომელმაც ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა) ცრუმოძრაობით მეტოქე კარგად ჩამოიშორა, ბურთი გიორგი კვესელაძეს გადააწოდა, რომელმაც ამ მატში ქართველების მეორე ლელო დადო, მატკავამ კვლავ ზუსტად გარდასახა – 23:7. სამ წუთში სამოელებმა სხვაობა კვლავ შეამცირეს – 23:12.
დარჩენილ დროში მატკავამ კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად, სპანდერაშვილმა კი ე.წ. „გაწითლებულ დროში“ მესამე ლელო დადო და საქართველომ მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა – 33:12.
მესამე თამაშს „ბორჯღალოსნები“ 18 ივლისს სანტიაგოში, „ესტადიო ლა პორტადაზე“ ჩილეს ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.