რაგბი | საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ესპანეთთან ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ესპანეთთან ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

„ბორჯღალოსნები“ 16 მარტს, 16:00 საათზე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთს დაუპიპრისპირდებიან და რაგბი ევროპის ჩემპიონობას მე-17-ედ (ზედიზედ მერვედ) შეეცდებიან.

რუმინეთთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში მცირედი ცვლილებებია. ლუკა მატკავას არყოფნისას მგეზავის პოზიციაზე თამაშს დავით ნინიაშვილი დაიწყებს, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე დაჩი პაპუნაშვილი ითამაშებს, რომელიც რუმინეთთან მარქაფაში იყო. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე კი სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ. ესპანეთთან მატჩი თოდუასთვის საქართველოს ნაკრებში 120-ე იქნება და ამ მაჩვენებლით მიუახლოვდება დავით კაჭარავას, რომელსაც დღემდე „ბორჯღალოსნების“ ფორმით ყველაზე მეტჯერ, 122-ჯერ უთამაშია.

ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც დამწყებთა შორის დაბრუნდნენ კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ირაკლი ქვათაძემ და ირაკლი აფციაურმა თადარიგში გადაინაცვლეს. სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, რომლის შემცვლელი კვლავ გიორგი ახალაძე იქნება.

უცვლელია მესამე ხაზი – ლუკა ივანიშვილი, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე, რომლისთვისაც ეს მატჩის ეროვნულ ნაკრებში 50-ე იქნება.

საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 2013 წლიდან დღემდე ჩვენმა გუნდმა „ლომები“ ზედიზედ 14-ჯერ დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფინალური მატჩისთვის:

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი შველიძე („ბრივი“), 12. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“), 10. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („მონპელიე“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 6. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 8. ბექა გორგაძე („პო“).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), 17. გიორგი ახალაძე („კლერმონი“), 18. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 19. გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“), 20. თორნიკე ჯალაღონია („ლიონი“); 21. გელა აფრასიძე („პერპინიანი“), 22. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 23. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“).