რაგბი | საქართველოს ნაკრების დასანანი წაგება დაძაბულ თამაშში [ვიდეო] #1TVSPORT

ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“, სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. დაძაბული შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა მინიმალური ანგარიშით 19:20 წააგეს.

დღევანდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შერკინებაში სამი ცვლილება განახორციელა – კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ და მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ მარქაფაში გადაინაცვლეს. მათ ნაცვლად ძირითადში გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი და ოთარ გიორგაძე ვიხილეთ. ტრავმის გამო გამოგვაკლდა გიორგი კვესელაძე, მის ნაცვლად ძირითადში დემე თაფლაძე დაწინაურდა.

 

პირველი ქულები სამოელებმა მოიპოვეს – მე-9 წუთზე პაიაუამ ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა ორ წუთში თედო აბჟანადაძემ ანგარიში გაათანაბრა. სამოელები კვლავ აქტიურად განაგრძობდნენ თამაშს. მე-13 წუთზე „ბორჯღალოსნები“ კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა ოთარ გიორგაძეს და  მოედანი 10 წუთით დაატოვებინა, რითაც მეტოქემ მალევე ისარგებლა და შეხვედრის პირველი ლელოც გავიდა – თავი ტუმუა მანუმ გამოიჩინა, გარდასახვა კი დანკან პაიააუამ ზუსტად დაარტყა. ტაიმის დასრულებამდე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სამოამ ტაიმი 10:6 მოიგო.

ქართველმა მორაგბეებმა ცოტა არეულად დაიწყეს მეორე ნახევარი, რასაც სამოელთა კიდევ ერთი შედეგიანი ჯარიმა მოჰყვა და მეტოქემ უპირატესობა გაზარდა – 13:6.

ჩვენი მორაგბეები გააქტიურდნენ და დიდი ძალებით შეუტიეს. 50-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ ლელოც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა მანამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და ლელო არ ჩაითვალა. ორ წუთში „ბორჯღალოსნება“ ლელოს გატანა მაინც მოახერხეს და თან ეს საკმაოდ დინამიკური და და ლამაზი კომბინაციის შემდეგ გააკეთეს – შეტევა კი აკაკი ტაბუცაძემ დააგვირგვინა, სამწუხაროდ, აბჟანდაძემ გარდასახვა არაზუსტად დაარტყა – 11:13.

68-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა ალექსანდრე ქუნთელიამ ნაკრებში თავისი პირველი ლელო გაიტანა (აბჟანდაძის დარტყმული გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა) და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მალე აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და  შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 7 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 19:13 გავიდა წინ.

მატჩის მიწურულს სამოა კაცნაკლული დარჩა და თითქოს ჩვენს ნაკრებს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ტუმუა მანუმ კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც ლეუილამ შედეგიანად გარდასახა და სამოას ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 20:19.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში 6 ნოემბერს „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში ურუგვაი 34:18 დაამარცხეს. მომდევნო ტესტ-მატჩს ჩვენი ნაკრები კარდიფში, 19 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.