რაგბი | საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას მესამედ დაუპირისპირდება #1TVSPORT
19 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის ზაფხულის ბოლო ტესტმატჩს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკასთან გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.
2024 წლის 11 ნოემბრიდან სამხრეთ აფრიკა მსოფლიო რეიტინგის უცვლელი ლიდერია. მოცემული მომენტისთვის მას 92,78 ქულა აქვს და 1,06 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას (91.72).
2025 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკამ სამი თამაში ჩაატარა და სამივე მოიგო – „ბარბაროსებს“ 54:7 სძლია, ორჯერ კი იტალია დაამარცხა – 42:24 და 45:0.
„ბორჯღალოსნები“ არსებობის ისტორიაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ორჯერ შეხვდნენ. 2003 წელს, საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, „ბოკემ“ (სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეტსახელი) სიდნეიში 46:19 გაიმარჯვა. საქართველოსთვის ეს თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ დავით დადუნაშვილმა მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ პირველი ლელო დადო. ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა პალიკო ჯიმშელაძემ გაიტანა, ერთი ჯარიმა კი მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა.
ამ მატჩიდან 18 წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ „ბორჯღალოსნები“ ტესტმატჩის გასამართად პრეტორიაში მიიწვია – 2021 წლის ივლისში მასპინძლებმა 40:9 გაიმარჯვეს. ერთი კვირის თავზე გუნდებს შორის მეორე შეხვედრაც უნდა გამართულიყო, თუმცა ორივე გუნდის წევრებს კოვიდვირუსმა დარია ხელი და თამაში გაუქმდა.