რაგბი | საქართველოს ნაკრები ირლანდიას მეექვსედ დაუპირისპირდება #1TVSPORT

09:00, 05.07.2025

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტების პირველ შეხვედრას 5 ივლისს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნები“ ირლანდიის ნაკრებს ისტორიაში ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და მათი დამარცხება ჯერ ვერ მოახერხეს.

პირველად ირლანდიელებს 1998 წელს შეხვდნენ – ეს 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო, რომელიც დუბლინში გაიმართა და მასპინძლებმა 70:0 მოიგეს.

2002 წელს კვლავ დუბლინში, ასევე მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ირლანდიამ 63:14 იმარჯვა.

ჩვენი საუკეთესო შედეგი ირლანდიის წინააღმდეგ 2007 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირდა – აღნიშნულ შეხვედრაში მეტოქემ 14:10 მოიგო, თუმცა საქართველომ ქულა მოიპოვა.

ამის შემდეგ ირლანდიას დუბლინში ორჯერ შევხვდით. 2014 წელს ტესტ-მატჩში 7:49 დავმარცხდით, ხოლო 2020 წელს – 10:23.

ირლანდიასთან დაპირისპირების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან. 12 ივლისს ისინი ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 19 ივლისს ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკის ნაკრები ელოდებათ. ეს მატჩი „მბომბელას“ სტადიონზე ჩატარდება.

რიჩარდ კოკერილმა ირლანდიასთან შეხვედრისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა.

შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე (კაპ), თორნიკე ჯალაღონია.

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, ალექსანდრე თოდუა, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი.

სათადარიგოები: ირაკლი ქვათაძე, გიორგი თეთრაშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ჯავახია, ილია სპანდერაშვილი, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, თორნიკე კახოიძე.

გივი ცერაძე

მსგავსი