რაგბი | საქართველოს ნაკრები ერთა თასზე მესამე მატჩს ჩილესთან გამართავს – მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

12:42, 17.07.2026

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მესამე ტურის მატჩს 18 ივლისს სანტიაგოში ჩილეს ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა „მაჰუიდას“ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა, პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეორე ტურში სამოასთნ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბრონკანმა სასტარტო შემადგენლობა უცვლელი დატოვა, მხოლოდ სათადარიგო შემადგენლობაში არის ორი ცვლილება –  სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა „გრენობლის“ 29 წლის ბურჯი გიორგი პერტაია, ხოლო ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 23-კაციან სიაში მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე დაბრუნდა.

ჩილესა და საქართელოს ნაკრებების მატჩი ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეხვედრის გამართვა სანტიაგოში გადაწყდა – უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

ჩილეს ნაკრებმა ერთა თასის ორივე შეხვედრა ბონუსქულით (ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) მოიგო – პირველ ტურში რუმინეთს 48:31, ხოლო მეორე რაუნდში ჰონკონგს 38:17 სძლია. საქართველოს ნაკრებმა კი მონტევიდეოში ურუგვაის 41:34 მოუგო, ხოლო ჩილეში სამოას ნაკრები რეკორდული სხვაობით, 33:12 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებს“ ჩილეს წინააღმდეგ აქამდე სულ ორჯერ უთამაშიათ. პირველად 2004 წელს სანტიაგოში მასპინძლებმა 30:4 იმარჯვეს, ერთი წლის შემდეგ კი სამხრეთამერიკელებს თბილისში ვუმასპინძლეთ და 29:6 დავამარცხეთ.

ამ თამაშით „ბორჯღალოსნები“ ერთა თასის ზაფხულის მატჩებს დაასრულებენ და ერთა თასის ფარგლებში მომდევნო სამ შეხვედრას 2026 წლის ნოემბერში ტონგასთან, აშშ-სა და კანადასთან საქართველოში გამართავენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩილესთან:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

სათადარიგოები: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გიორგი პერტაია, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

მსგავსი