რაგბი | საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრალიასთან ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
2029 წელს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიაში ჩავა და ამ ქვეყნის ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავს – შეხვედრა თაუნსვილში ჩატარდება, ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ავსტრალიის ნაკრებთან აქამდე სამჯერ უთამაშია. პირველი ორი შეხვედრა მსოფლიო თასის ფარგლებში შედგა: 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე მეტოქემ 27:8 იმარჯვა, ხოლო 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში – 35:15.
2024 წლის 20 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ავსტრალიის ნაკრებს ტესტმატჩში დაუპირისპირდნენ. სიდნეიში გამართულ სანახაობრივ მატჩში ავსტრალიას ოთხი ლელო დავუდეთ, თუმცა გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ – 40:29.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიასთან მატჩამდე „ბორჯღალოსნები“ თაუნსვილში 2027 წლის 3 ოქტომბერს მსოფლიო თასზე რუმინეთის ნაკრებთან ითამაშებენ.