რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი მატჩი უელსთან გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე მსოფლიო თასის პირველი მატჩი უელსის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 24:25 დამარცხდა.
უელსი – საქართველო 25:24
უელსი:
ლელო: ს. ჯეიმსი, კამინგი, ლეგატ ჯონსი
გარდასახვა: ლეგატ ჯონსი (2)
ჯარიმა: ლეგატ ჯონსი (2)
საქართველო
ლელო: შიოშვილი (2), რაზმაძე, საჯარიმო ლელო
გარდასახვა: ხალვაში
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 16 წუთში ორი ლელო დადეს. ქართველმა მორაგბეებმა თამაში თანდათან გაათანაბრეს და მიხეილ შიოშვილმა სხვაობა შეამცირა, რამდენიმე წუთში უელსელებმა ჯარიმა გაიტანეს, რასაც შიოშვილის კიდევ ერთი ლელო მოჰყვა, ნიკოლოზ ხალვაშმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – პირველი ტაიმი სტუმრებმა 15:12 მოიგეს.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დაიწყო – უელსელები კაცნაკლულნი დარჩნენ (არბიტრმა მათი მორაგბე 10 წუთით გააძევა), რასაც მალევე გაბრიელ რაზმაძის ლელო მოჰყვა და საქართველოს ნაკრები 17:15 დაწინაურდა.
რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად, უელსელებმა თამაში აქტიურად განაგრძეს და მალე მოახერხეს ლელოს დადება, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო დარტმაც მიაყოლეს და კვლავ წინ გავიდნენ – 25:17.
ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, მეოთხე ლელოც დადო, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, 24:25 დამარცხდა, თუმცა, ორი ბონუსქულა მოიპოვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკერბი 2 ივლისს 20-წლამდელთა შორის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ – შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.