რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვიქტორ კოლელიშვილი იქნება #1TVSPORT
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – ამ პოსტზე ლადო კილასონიას ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ ვიქტორ კოლელიშვილი შეცვლის.
ლადო კილასონიას ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე 2023 წელს ისტორიული შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა, შარშან და შარშანწინ კი მე-9 პოზიციას დასჯერდა.
ვიქტორ კოლელიშვილმა რაგბის თამაში თბილისის „ლელოში“ დაიწყო, გახდა საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
უცხოური კარიერა საფრანგეთის TOP 14-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „კლერმონში“ გააგრძელა, სადაც ორჯერ გახდა საფრანგეთის ესპუართა (დუბლ-შემადგენლობა) ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ტოპ 14 და ჩელენჯ თასი მოიგო.
კოლელიშვილმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ეროვნულ გუნდში დებიუტი კი 2008 წელს ჰქონდა, რომლის შემადგენლობაშიც 50 მატჩში 5 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ორჯერ მსოფლიო თასზე (2011 და 2015 წლები) ითამაშა.
„ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მექნება სათავეში ჩავუდგე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს, თანაც ასეთ საპასუხისმგებლო პერიოდში – როგორც ცნობილია, 2026 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კოლელიშვილმა.