რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თბილისში სამხრეთ აფრიკასთან ორ ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადება. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თბილისში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორ ტესტმატჩს გამართავენ.
ქართველი მორაგბეები სამხრეთაფრიკელებს „ავჭალის“ სტადიონზე 23 თებერვალს, 16:00 საათზე დაუპირისპირდებიან, ხოლო 28 თებერვალს, 15:00 საათზე „ლელო არენაზე“ შეხვდებიან.
ლადო კილასონია (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) – „წინა ორი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ მხოლოდ ზაფხულში, ჩემპიონატის დაწყების წინ გვქონდა ტესტმატჩები, ახლა კი ამის საშუალება თებერვალშიც გვექნება და ეს ძალიან კარგია. სამხრეთაფრიკელების სტუმრობა სრულადაა მორგებული ჩვენი ლეგიონერების დასვენების გრაფიკზე – თებერვლის ბოლოს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატში დასვენებაა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, სამხრეთ აფრიკასთან ლეგიონერებიც დაგვეხმარებიან.

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასზე ყოველთვის ფავორიტია, რომელიც ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მოსამზადებელ ეტაპზე ასეთ მეტოქესთან თამაში ყოველთვის კარგია, რადგან ის გაჩვენებს სრულ სურათს. ეს შეხვედრები, ძირითადად, სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზეც.
აპრილის დასაწყისში დიდ შეკრებას დავიწყებთ, რომელიც ივნისამდე გასტანს. ამ პერიოდში გვექნება ერთობლივი ვარჯიშები „შავ ლომთან“, ივნისის დასაწყისში ვგეგმავთ ტესტმატჩებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროს „ბორჯღალოსნებს“ სამხრეთ აფრიკასთან აქამდე ოთხი თამაში აქვთ ჩატარებული და ოთხივე სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა.