რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთში 18-წლამდელ მოარგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ტურნირისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუნდში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. ჩეხეთში წამსვლელთა შორის ექვსი ლეგიონერია, რომელთაგან ხუთი – საფრანგეთში, ერთი კი ინგლისში თამაშობს. დანარჩენი 20 მოთამაშე შვიდ სხვადასხვა ქართულ კლუბს წარმოადგენს.

ზურაბ ამონაშვილი (საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი) – „ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. ჩეხეთში პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავდივართ და ვეცდებით, ამ პერიოდში შეთამაშების პრობლემა აღმოვფხვრათ. სასიამოვნოა, რომ გეოგრაფია გაიზარდა და ამჯერად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში რეგიონებიდან უფრო მეტი მოთამაშეა წარმოდგენილი.

შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებში ბევრი ლეგიონერია საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან“.

საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს 11 ნოემბერს გამართავს – 1/4-ფინალში ტურნირის დებიუტანტს, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში ქართველების მეტოქე ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.

18-წლამდელთა შემადგენლობა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი ძაგანია („სტად ნისუა“, საფრანგეთი), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, ნიკა აბესაძე, ანდრო დვალი, მიხეილ შიოშვილი (ყველა – „ლელო“), კახა შეყილაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), დავით ლაგვილავა („გრენობლი“, საფრანგეთი), გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“, საფრანგეთი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), მათე ღურწკაია („ყოჩები“), გიორგი მესხიძე („ხვამლი“), თემო წულუკიძე („იუნკერები“), ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი).

ხაზი: გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი), გიორგი ჯაში, დავით ბარბაქაძე, ლუკა კეშელავა, სანდრო სესიაშვილი (ყველა – „არმია“), ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), გიორგი სპანდერაშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნუგი ქევხიშვილი, გიორგი ბოლქვაძე, ნიკოლოზ ხალვაში (ყველა – „ლელო“), ბუბა ნოზაძე (ბათუმი).