რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აპრილში საფრანგეთში გაემგზავრება და საკურორტო ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს. ფესტივალში, საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს მონაწილეობას, პორტუგალიის ნაცვლად, ესპანეთი მიიღებს.

წლევანდელ ფესტივალზე პირველ მატჩს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 10 აპრილს იტალიასთან გამართავენ, 14 აპრილს უელსს დაუპირისპირდებიან, ხოლო 18 აპრილს – ირლანდიას.

ფესტივალისთვის უკეთ მომზადების მიზნით საქართველოს ნაკრები ორ შეკრებას გამართავს. პირველი შეკრება 24-28 თებერვალს გაიმართება, ხოლო მეორე 10 მარტს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები საფრანგეთში 7 აპრილს გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთთან 20:19 მოიგო, შოტლანდიასა (14:22) და ინგლისთან (19:26) კი დამარცხდა.