რაგბი | საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება. 2017 წელს 20-წლამდელთა მეათე ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს „აია არენა“ და „ავჭალის“ სტადიონი მასპინძლობდა, პლეი ოფები და ფინალები კი „მიხეილ მესხზე“ შედგა.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ მის საორგანიზაციო მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და საუკეთესოდ ორგანიზებული 20-წლამდელთა ჩემპიონატი უწოდა. მაშინ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა (ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა), საქართველო კი მე-10 ადგილს დასჯერდა.
2026 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატს ასევე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ, მონაწილეთა რაოდენობა კი 16-მდე იზრდება და ქართველ გულშემატკივარს რაგბის მომავალი ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაარსების პირველ ორ წელს – 2008 და 2009 წლებში მონაწილეთა რაოდენობა ასევე 16 იყო, მერე კი 12-მდე შემცირდა.
გაისად საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობენ – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც შარშანდელ ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან: ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.
დავით კაჭარავა (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):
„უკვე მეორედ ვმასპინძლობთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია. ტურნირის ფორმატი იზრდება და 2026 წელს საქართველოში, 12-ის ნაცვლად, 16 გუნდი ითამაშებს. გამოწვევას კარგად უნდა გავართვათ თავი და, 2017 წლის მსგავსად, ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ“.
ნაიჯელ კასი (მსოფლიო რაგბის შეჯიბრებებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი):
„მოხარულები ვართ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარების შესაძლებლობით – ქვეყანაში, რომლის ერს თამაშისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მსოფლიო დონის ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს“.