რაგბი | სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე „შავმა ლომმა“ თბილისში ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
რაგბი | სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე „შავმა ლომმა“ თბილისში ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT

„შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც Toyota Challenge-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და „ტოიოტა ჩიტაზთან“ ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ქართველი მორაგბეები ბლუმფონტეინში 13 ოქტომბერს გაემგზავრებიან. პირველი მატჩი 17 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა 26 ოქტომბერს 17:00 საათზეა ჩანიშნული.

„შავი ლომისთვის“ ეს ჩელენჯ თასის მატჩებისთვის მოსამზადებელი ბოლო ეტაპი იქნება, რომელიც დეკემბერში დაიწყება.

სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ქართველმა მორაგბეებმა თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და ლუკა ცირეკიძემ კომენტარები გააკეთეს:

რიჩარდ ქოქრილი – „ეს მატჩები ჩელენჯ თასისთვის და ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის კარგი გამოცდა იქნება. ორჯერ შევხვდებით „ჩიტაზს“, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში საკმაოდ ძლიერი გუნდია. ახალი მოთამაშეები ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ და განსხვავებულ გარემოში შეძლებენ თავის გამოცდას“.

მიხეილ ბაბუნაშვილი – „მეოთხე კვირაა ინტენსიურად ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში ორი თამაში გვექნება „ჩიტაზთან“. ის საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათთან თამაშები ჩელენჯ თასისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება.

ზაფხულში „ჩიტაზს“ საქართველოს ნაკრები განსხვავებული შემადგენლობით ეთამაშა. სამწუხაროდ, შეხვედრა ჩვენი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და დავმარცხდით, შესაბამისად, „შავი ლომისთვის“ ეს კარგი გამოწვევა იქნება და ვეცდებით, ამჯერად წარმატებას მივაღწიოთ“.

ლუკა ცირეკიძე – „ვფიქრობ, მომავალი მატჩებისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. „ჩიტაზთან“ შეხვედრები ჩელენჯ თასზე კარგი შედეგების ჩვენებაში დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ჩელენჯ თასზე შარშან ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ“.