რაგბი | საფრანგეთის მეორე დივიზიონში ახალი სეზონი დაიწყო - პირველ ტურში ლელო ექვსმა ქართველმა დადო [ვოდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონი (PRO D2) ქართველმა მორაგბეებმა შედეგიანად დაიწყეს.
ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე „ქართულმა“ გუნდმა, „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „კარკასონი“ 41:10 დაამარცხა, რაშიც გამორჩეული წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით. ორიაკელთა მიერ დადებული ექვსი ლელოდან სამი ქართველების ანგარიშზეა – თავი ირაკლი მჭედლიძემ, დაჩი პაპუნაშვილმა და ლუკა ნიორაძემ გამოიჩინეს.
ირაკლი მჭედლიძე, დაჩი პაპუნაშვილი და გიორგი ქართველიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ლუკა ნიორაძემ და ალექსანდრე ბურდულმა კი შეცვლაზე ითამაშეს.
„მონ დე მარსანისა“ და „კოლომიეს“ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – ლელო იოანე იაშაღაშვილმა მიითვალა, მაგრამ გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 20:24 დამარცხდა.
იაშაღაშვილის გარდა, „მონ დე მარსანის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლადო ჩაჩანიძე და ლუკა გოგინავა.
„ნევერმა“ საკუთარ მოედანზე „აჟენს“ 54:17 მოუგო, მასპინძელთა ექვსი ლელოდან ერთი კი შეცვლაზე შესულმა ლუკა პეტრიაშვილმა დადო – „ნევერმა“ შეხვედრა ბონუსქულით მოიგო.
„ნევერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა ფხაკაძე, ილია კაიკაციშვილი შეცვლაზე შევიდა, ხოლო „აჟენის“ სასტარტოში მამუკა მსტოიანმა ითამაშა.
პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩში „გრენობლმა“ სტუმრად დაძაბულ შეხვედრაში „ოიონას“ სძლია – 30:28, რაშიც თავისი წვლილი გიორგი ჯავახიამ შეიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და ერთი ლელო მიითვალა.
„იოინაში“ ვანო კარკაძე სასტარტო თხუთმეტეულში იყო, ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა კი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ.
პირველი ტურის ბოლო მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება – „ბრივი“ „ვანს“ უმასპინძლებს.