რაგბი | საერთაშორისო სერიის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ოთხი მორაგბე მოხვდა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 18-წლამდე მორაგბეთა საერთაშორისო სერიის პირველ ტურში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისის ნაკრები 35:31 დაამარცხეს.
პირველი ტურის შემდეგ გამოცემა Nextgenxv-მა სიმბოლურ ნაკრებში ოთხი ქართველი მორაგბე დაასახელა – ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ანდრია ბილანიშვილი, იოსებ ღვინჯილია და ივა კვირიაშვილი.
ნიკოლოზ ბალანჩივაძე
„ინგლისის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვება სათადარიგო მოთამშეების შესანიშნავმა თამაშმაც განაპირობა. ბალანჩივაძე ერთ-ერთი იყო, ვინც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. იბრძოდა მოლის დროს და კარგად მიჰქონდა ბურთი. ის ახალი თაობის იმ ქართველი მორაგბეების წარმომადგენელია, რომლებმაც საფრანგეთის Pro D2-ისა და Top 14-ის კლუბების აკადემიებში მიიღეს გამოცდილება“.
ანდრია ბილანიშვილი
„საქართველოს ნაკრების მეორე ხაზიდან რამდენიმე მოთამაშეს შეეძლო სიმბოლურ გუნდში მოხვედრა. ნიკოლოზ ჩხორთოლიამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა, ლუკა შულაია შეცვლაზე შევიდა და გადამწყვეტი ლელო დადო. თუმცა არჩევანი ანდრია ბილანიშვილზე შეჩერდა. ის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოთამაშეა. მთელი მატჩის განმავლობაში რამდენიმე გადამწყვეტი ბურთის მოგება მოახერხა და საქართველოს ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა“.
იოსებ ღვინჯილია
„იოსები ყველგან იყო. პირველი ლელოს დროს გადამწყვეტი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს, ერთი ლელო თავად დადო, ასევე კომფორტულად გრძნობდა თავს ფლანგზე, დიდი სამუშაო შეასრულა დაცვაში თამაშის დროსაც“.
ივა კვირიაშვილი
„კვირიაშვილმა ლელოს დადება თამაშის დასაწყისშივე მოახერხა და სათავე დაუდო საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს. შემდეგაც, მთელი მატჩის განმავლობაში თავისი როლი იდეალურად შეასრულა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში“.