რაგბი | რიჩრდ კოკერილი - გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს #1TVSPORT
რაგბი | რიჩრდ კოკერილი - გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის პირველ ტესტმატჩში ირლანდიასთან 5:34 დამარცხდა. ირლანდიელებთან შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა და ვიცე-კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა შეაფასეს:

რიჩრდ კოკერილი („ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი): „თამაშის დასაწყისში ორი ლელო გავუშვით და მეტოქეს დიდი უპირატესობა მივეცით. შეცდომები დავუშვით დაცვაში და ბურთის ფლობაში. სწორედ ასეთ მატჩებში ვიზრდებით და ვეცდებით, მომავალ შეხვედრებში ეს შეცდომები გამოვასწოროთ.

ეს თამაშები მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესია. „ჩიტაზთან“ მატჩში სხვა 15 მორაგბე ითამაშებს, სამხრეთ აფრიკას კი საუკეთესო შემადგენლობას დავუპირისპირებთ. დერეფანსა და შემტევ მოლზე სამუშაო გვაქვს. დაცვაში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა გამოსასწორებელი აქაც ძალიან ბევრია, რადგანაც მეორე ხაზში ბევრი მორაგბე არ გვყავს. ქომაგების გაღიზიანება მესმის, მაგრამ მინდა, გაიგოთ, რომ ახლა გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს“.

დავით ნინიაშვილი („ბორჯღალოსნების“ ვიცე-კაპიტანი): „წაგებული მატჩის შემდეგ საუბარი ყოველთვის რთულია. გვინდოდა, ლელოები დაგვედო, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ.

მხოლოდ შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის დონის გუნდებთან თამაშით განვითარება რთულია. მართალია, ირლანდია საუკეთესო შემადგენლობით არ იყო, მაგრამ ამ მორაგბეებს სეზონში უმაღლესი დონის დაახლოებით 25-30 მატჩის ჩატარება უწევთ. „შავი ლომი“ კი მაღალ დონეზე ძალიან ცოტა შეხვედრას თამაშობს, ირლანდიელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

უნდა შევთანხმდეთ, რომ ირლანდიასთან მარცხში მწვრთნელის ბრალი არაფერია – თამაში იმ 23 მორაგბემ წავაგეთ, ვინც მოედანზე ვიყავით“.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ჩიტაზს“ ეთამშება, 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.