რაგბი | რიჩარდ კოკერილი - „შავი ლომი“ მაღალი დონის გუნდებთან თამაშით მეტ გამოცდილებას იღებს #1TVSPORT
19 იანვარს, 17:00 საათზე „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე შეხვედრას შოტლანდიაში „ედინბურგთან“ გამართავს.
„ბაიონასთან“ თბილისში განცდილი მარცხის (16:41) შემდეგ ქართულ გუნდს პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი დარჩა, თუმცა „ედინბურგთან“ მატჩისთვის გუნდი სრული მობილიზებით ემზადება.
„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი 2017-2021 წლებში „ედინბურგს“ ავარჯიშებდა და მან ყველაზე კარგად იცის მომავალი მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები.
რიჩარდ კოკერილი – „თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ქულების აღების შესაძლებლობას მისცემს. „ბაიონამ“ ჩვენი შეცდომები ქულებში ასახა, რამაც თამაში ძალიან გაგვირთულა. ჩვენ რომ უფრო ზუსტები ვყოფილიყავით, ასეთ შეცდომებს არ დავუშვებდით. „შავი ლომი“ მაღალი დონის გუნდებთან თამაშით მეტ გამოცდილებას იღებს, რაც მომავალში გამოგვადგება.
პროფესიონალები ვართ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. „ედინბურგი“ ძალიან კარგი გუნდია, მათი მოთამაშეების თითქმის ნახევარი ეროვნული ნაკრების მორაგბეა, მათ შორის არიან ვარსკვლავები – დუან ფან დერ მერვე, დარსი გრემი, ასევე ჰყავთ ძალიან კონკურენტუნარიანი ფორვარდები – სკუმანი, გილქრისტი, ჯეიმი რიჩი… ისინი ეროვნული ნაკრების მორკინალები არიან.
მეტოქე კონტრშეტევებისას ძალიან სახიფათოა, ამიტომ ჩვენი თამაშის მნიშვნელოვანი კომპონენტი კარგი დაცვა იქნება.
ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვთამაშობთ და შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართება, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა მეტოქეს კონკურენცია გავუწიოთ და შანსები მოვიპოვოთ“.