რაგბი | რატი ზაზაძის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედეგიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის – ლელოს დადება ოთხმა ლეგიონერმა შეძლო.

ზედიზედ მეოთხე თამაშში გამოიჩინა თავი რატი ზაზაძემ, რომლის „ნევერი“ სტუმრად დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა „ბრივთან“ – 29:31. ზაზაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ოთხი ლელოა.

„ოიონაში“ ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი ვანო კარკაძემ – საქართველოს ნაკრების წევრმა ამჯერად „ორიაკი“ დაალელოვა, მისმა გუნდმა კი 36:25 მოიგო.

კარკაძემ ბოლო სამ მატჩში ოთხი ლელო მიითვალა, სულ კი ამ სეზონში PRO D 2-ში რვაჯერ გამოიჩინა თავი.

„ორიაკის“ შემადგენლობაში ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა შეასრულა „ბორჯღალოსნების“ კიდევ ერთმა წევრმა, თედო აბჟანდაძემ.

„გრენობლი“ საკუთარ მოედანზე 17:39 დამარცხდა „კოლომიესთან“. მასპინძელთაგან ერთი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო – რეგულარულ სეზონში ეს მისი მეორე ლელოა.

„პროვანსმა“ გასვლით მატჩში „ვალანს რომანს“ 34:21 სძლია – სტუმართაგან ერთი ლელო თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზეა.

ამრიგად, რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ცნობილია ის ექვსი გუნდი, რომელის TOP 14-ის საგზურისთვის განაგრძობს ბრძოლას:

1. „ვანი“ – 115 ქულა;

2. „კოლომიე“ – 94;

3. „პროვანსი“ – 92;

4. „ოიონა“ – 86;

5. „ვალანს რომანი“ – 84;

6. „ბრივი“ – 83.

PRO D2-დან „კარკასონი“ გავარდა, ხოლო „მონ დე მარსანი“ ლიგაში დარჩენას პლეიოფში შეეცდება.