რაგბი - ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხეს
რაგბი - ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხეს

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შოტლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 17:12 დაამარცხა.

თამაში ქართველებისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო: მეორე წუთზე შოტლანდიელები ჩვენი ჩათვლის ხაზს მიუახლოვდნენ და ბურთი დაამიწეს. მსაჯმა თავდაპირველად ლელო ჩათვალა, თუმცა გამეორების ნახვის შემდეგ დარწმუნდა, რომ ბურთი ხაზს არ შეხებია და გადაწყვეტილება შეცვალა – 0:0.

მიუხედავად ამისა, შოტლანდიელებმა ანგარიშის გახსნა მაინც მალე მოახერხეს. ეს მე-5 წუთზე მოხდა (ეშმენი), რასაც ზუსტი გარდასახვაც დაემატა (ტომპსონი) და ბრიტანელები ანგარიშით 0:7 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ, თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, ქართველები უტევდნენ, თუმცა შოტლანდიელების ჩათვლის ხაზს ვერა და ვერ მიუახლოვდნენ. საბოლოოდ, შესვენებაზე გუნდები მე-5 წუთზე დაფიქსირებული ანგარიშით გავიდნენ – 0:7 შოტლანდიის სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი ისევ ქართველთა შეტევებით დაიწყო და 44-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ ლამაზი შეტევა გაითამაშეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ოთარ ლაშხს ბურთი წინ დაუვარდა.

ვითარება 47-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:7 გახდა.

ამის შემდეგ ისევ შოტლანდიელები გააქტიურდნენ და 52-ე წუთზე მეორე ლელოს დადებაც მოახერხეს. თავი ისევ იუენ ეშმენმა გამოიჩინა – 3:12.

57-ე წუთზე კი ქართველთა ლელოს ჯერიც დადგა – თედო აბჟანდაძემ ძელებს შორის დაამიწა ბურთი, ამას ზუსტი გარდასახვაც დაუმატა და ანგარიში ორ ქულამდე შემცირდა – 10:12.

68-ე წუთზე მსაჯებმა შოტლანდიელთა კიდევ ერთი ლელო გააუქმეს – ამჯერად შეტევისას წინ გაკეთებული გადაცემა დაფიქსირდა.

75-ე წუთზე ქართველები წინ გავიდნენ: შოტლანდიელებმა საკუთარ ჩათვლის ხაზთან ახლოს აუტის ჩაწოდებისას შეცდომა დაუშვეს, რითაც ნიორაძემ ისარგებლა და ბურთი დაამიწა. ამას აბჟანდაძის კიდევ ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და – 17:12 საქართველოს სასარგებლოდ.

ამის შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე და ჯგუფური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს.