რაგბი | ქართული ლეგიონი საფრანგეთში - ჯავახიას ლელო და აბჟანდაძის შედეგიანი თამაში [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის რანგით მორე დივიზიონის (PRO D2) მე-17 ტურის მატჩები, რომლებშიც თავი ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს.

„გრენობლმა“ საკუთარ მოედანზე „დაქსი“ მიიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში 36-ე წუთზე თავი გიორგი ჯავახიამ (61-ე წუთზე შეცვალეს) გამოიჩინა, რომელმაც ლელო დადო და თავისი გუნდი 8:6 დააწინაურა. შეხვედრის 45-ე წუთისთვის „გრენობლი“ კომფორტული სხვაობით (24:6) იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 24:27 დამარცხდა.

გიორგი ჯავახიასთვის ეს მიმდიონარე სეზონში მეორე ლელოა.

„ბრივმა“ საკუთარ მოედანზე „მონტობანს“ უმასპინძლა და 38:13 დაამარცხა. „მონტობანის“ შემადგენლობაში თედო აბჟანდაძე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მე-2 წუთზე შევიდა მოედანზე და სტუმართა მიერ მოპოვებული 13 ქულიდან 8 მის ანგარიშზეა – აბჟანდაძემ ამ შეხვედრაში ორი ზუსტი ჯარიმა და ერთი გარდასახვა შეასრულა.