რაგბი | პირველი მატჩი ავსტრალიასთან - 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასზე ითამაშებს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. A ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო C ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ტურნირის კალენდარი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი.
ქართველი მორაგბეები პირველ თამაშს 29 ივნისს, „ეთლონ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ თბილისის დროით 18:30 საათზე გამართავენ, 4 ივლისს შარშანდელ ფინალისტ ირლანდიას 16:00 საათზე „დენი ქრეივენზე“ ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს, 18:30 საათზე ასევე „დენი ქრეივენზე“ იტალიასთან მატჩით დაასრულებენ.
სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის. ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ.
ნახევარფინალები 14 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალები 19 ივლისსაა ჩანიშნული.