რაგბი | პიერ-ანრი ბრონკანმა ერთა თასისთვის შემადგენლობა შეარჩია – „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის დებიუტი 4 ივლისს შედგება #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისში გასამართი მსოფლიო რაგბის ერთა თასის სამი შეხვედრისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა, პიერ-ანრი ბრონკანის მეთაურობით, 34 მოთამაშე შეარჩია, მათგან 21 მორკინალია, ხოლო 13 ხაზის მოთამაშე. ბირთვს ლეგიონერები წარმოადგენენ, 8 მორაგბე კი „შავი ლომიდანაა“ – გუნდი სამხრეთამერიკულ ტურნეში უკვე გაემგზავრა.
ორი სიახლეა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში – გუნდს დაცვის მწვრთნელი ჯო ვორსლი (მას „ბორჯღალოსნებში“ ადრეც უმუშავია) და ფიზ-მომზადების მწვრთნელი არჩილ ბეჟიაშვილი შეუერთდნენ. ორივე მათგანი საქართველოს ნაკრების გარდა „შავ ლომშიც“ იმუშავებს.
ტრავმის გამო შემადგენლობას გამოაკლდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი. მის ნაცვლად გაფართოებულ შემადგენლობაში უხმეს ლაშა ფხაკაძეს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. მის გარდა, პოტენციური დებიუტანტები არიან მესამეხაზელი რატი ზაზაძე, ცენტრი ხვიჩა ჯგერენაია და ფრთა რომა მახათაძე.
გუნდში დაბრუნდა ორი გამოცდილი „ბორჯღალოსანი“ – მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელსაც ნაკრებში 2022 წლის შემდეგ აღარ უთამაშია და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელიც გუნდს 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ უბრუნდება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის ივლისის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის:
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე („კლერმონი“, საფრანგეთი), ლაშა ფხაკაძე („ნევერი“, საფრანგეთი), ნიკა აბულაძე („მონპელიე“, საფრანგეთი), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“, საფრანგეთი), ლუკა პეტრიაშვილი („ნევერი“, საფრანგეთი), ვახტანგ ჯინჭარაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“ საფრანგეთი), ბაჩუკი ჭუმბაძე („ექსეტერი“, ინგლისი), გიორგი პერტაია („გრენობლი“, საფრანგეთი);
მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“, საფრანგეთი), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), კოტე მიქაუტაძე („ბრივი“, საფრანგეთი), გიორგი ჯავახია („ანგულემი“, საფრანგეთი);
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“, ინგლისი), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“, საფრანგეთი), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“, საფრანგეთი), იოანე იაშაღაშვილი („ვანი“, საფრანგეთი), რატი ზაზაძე („ნევერი“, საფრანგეთი), ბექა შვანგირაძე („ლიონი“, საფრანგეთი), ანდრო დვალი („პერპინიანი“, საფრანგეთი);
ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“, საფრანგეთი), მიხეილ ალანია („ვანი“, საფრანგეთი);
მგეზავი: თედო აბჟანდაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), ლუკა მატკავა („ოიონა“, საფრანგეთი);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“ საფრანგეთი), ხვიჩა ჯგერენაია („ტიმიშუარა“, რუმინეთი);
ფრთა: აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), რომა მახათაძე („შავი ლომი“);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“, საფრანგეთი), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).
ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 ივლისს მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაისთან მატჩში შედგება – შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება; 11 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ჩილეში, ვინა დელ მარიში სამოას ეთამაშებიან (23:00), ხოლო სამხრეთამერიკულ ტურნეს 18 ივლისს სანტიაგოში, მასპინძელ ჩილესთან მატჩით დაასრულებენ (23:00).