რაგბი | პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა – საქართველომ ერთა თასზე ურუგვაი დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 41:34 დაამარცხა.
ურუგვაი – საქართველო 34:41
ურუგვაი
ლელო: მიშკა, გონსალესი, პერესი, ალონსო, როდრიგესი
გარდასახვა: კოტარმანახი (3)
ჯარიმა: კოტარმანახი
საქართველო:
ლელო – მატკავა, სუთიძე, ჯალაღონია, საჯარიმო ლელო, ალანია
გარდასახვა – მატკავა (4)
ჯარიმა: მატკავა (2)
წარმატებული გამოდგა პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე – ფრანგმა სპეციალისტმა „ბორჯღალოსნებს“ პირველად უხელმძღვანელა და ახალ ტურნირზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.
მეტოქეებმა ხუთ-ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და ბონუსქულები მიიღეს, საქართველოს ნაკრებმა ურუგვაელებთან შედარებით გარდასახვები უფრო ზუსტად შეასრულა, ამას გარდა ერთით მეტი ჯარიმა გაიტანა და საბოლოოდ, ერთა თასზე გამოსვლა მოგებით დაიწყო.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 ივლისი, ვინა დელ მარი, 23:00 | სამოა – საქართველო
18 ივლისი, სანტიაგო, 23:00 | ჩილე – საქართველო
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტმატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასის მეორე დივიზიონში 2027 წლის მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ;
B ჯგუფი: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრების დროს გაიმართება. მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.