რაგბი | ოთხი ქართველის ლელო საფრანგეთის მეორე დივიზიონში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) 28-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც თავი ოთხმა ქართველმა მორაგბემ გამოიჩინა.

„მონ დე მარსანმა“ საკუთარ მოედანზე „დაქსი“ მიიღო და 34:20 დაამარცხა. მასპინძლების წარმატებას სათავე იოანე იაშაღაშვილმა დაუდო, რომელმაც მე-7 წუთზე ლელო დადო და ანგარიში გახსნა. იაშაღაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მან მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელო მიითვალა.

მასპინძელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, ლუკა გოგინავა, შეხვედრაში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

„გრენობლმა“ „ოიონას“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 26:23 დაამარცხა. მოგებაში გადამწყვეტი როლი გიორგი პერტაიამ ითამაშა, რომელიც თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 19:23 მარცხდებოდა. ოთხ წუთში პერტაიამ ლელო დადო (სემ დევისმა ზუსტად გარდასახა), რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. პერტაიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელოა.

„ოიონას“ შემადგენლობაში 50 წუთი ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ და შეცვალეს.

„ორიაკმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 23:39 წააგო. მასპინძლეთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა (ლუკა  ნიორაძე, გიორგი ქართველიშვილი, დაჩი პაპუნაშვილი) დაიწყო, მიხეილ ალანია და ბასა ხონელიძე კი შეცვლაზე შევიდნენ.

ნიორაძემ 31-ე წუთზე ლელო დადო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ორიაკმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ეს მიმდინარე სეზონში ნიორაძის მე-6 ლელოა.

„ნევერი“ გასვლით მატჩში დამარცხდა „ვალანსთან“ – 21:69. „ვალანსის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ილია სპანდერაშვილი, რომელიც მე-16 წუთზე 10 წუთით „სინბინში“ გაუშვეს, 52-ე წუთზე კი შეცვალეს.

„ნევერის“ რიგებში ლელოთი თავი ლაშა ფხაკაძემ გამოიჩინა – ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა.