რაგბი | ნიკა აბულაძე ინგლისში ბრუნდება და კარიერას „ექსეტერში“ გააგრძელებს #1TVSPORT
რაგბი | ნიკა აბულაძე ინგლისში ბრუნდება და კარიერას „ექსეტერში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ წევრი ნიკა აბულაძე ინგლისში ბრუნდება – „ბორჯღალოსნების“ ბურჯი კარიერას „ექსეტერ ჩიფსში“ გააგრძელებს, სადაც 2023-2024 წლების სეზონშიც გამოდიოდა და ამ გუნდის მაისურით 16 მატჩი ჩაატარა – ტრანსფერი ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„მოხარული ვარ „ექსეტერში“ დაბრუნებით, სადაც თავს ყოველთვის ბედნიერად და დაფასებულად ვგრძნობდი. დარწმუნებული ვარ, დაბრუნების შემდეგაც ასე იქნება“, – განაცხადა აბულაძემ.

ტრანსფერით კმაყოფილია ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორი რობ ბაქსტერიც, რომელმაც თქვა, რომ აბულაძე გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს და მისი გამოცდილება „ექსეტერს“ ტიტულებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

30 წლის აბულაძეს საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. „ექსეტერში“ მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი – ბაჩუკი ჭუმბაძე ირიცხება.