რაგბი | ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - „ბორჯღალოსნები“ მოგების შემთხვევაში მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებენ #1TVSPORT
8 თებერვალს, 15:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვებს მსოფლიო თასზე (2027 წელს) თამაშის უფლებას. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას მე-17-ედ, მიჯრით კი მერვედ შეეცდებიან, რაც ავსტრალიაში უკეთეს ჯგუფში მოხვედრის გარანტიასაც იძლევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პირველი ტურის მატჩში შვეიცარიას რეკორდული სხვაობით, 110:0 სძლია, ნიდერლანდები კი ესპანეთში 24:53 დამარცხდა.
შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ რიჩარდ კოკერილმა სასტარტო შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა – სამი ხაზში, ხუთი კი შერკინებაში.
სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე და ის ლუკა მატკავას შეუწყვილდება. ფრთაზე ვეტერანი სანდრო თოდუა ითამაშებს, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ აქვს მოგებული და ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრებში 118-ე შეხვედრას ჩაატარებს. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება დავით ნინიაშვილი, სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს თორნიკე კახოიძემ, გიორგი კვესელაძემ და აკაკი ტაბუცაძემ, რომელსაც 43 ლელო აქვს დადებული და სამი ლელო აშორებს მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულამდე.
სრულად შეიცვალა პირველი ხაზი – ნიდერლანდებთან თამაშს იწყებენ გიორგი მამაიაშვილი, ირაკლი აფციაური და ვანო კარკაძე. უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, მესამე ხაზში კი ორი ახალი სახეა – მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ ბექა გორგაძე და თორნიკე ჯალაღონია, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე კი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაშია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 12. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 6. ბექა გორგაძე („პო“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), 17. ლუკა გოგინავა („მონ დე მარსანი“), 18. ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), 19. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“); 21. გელა აფრასიძე („პერპინიანი“), 22. გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), 23. დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“).