რაგბი | Nextgenxv-ის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა - მოთამაშეები, რომლებმაც, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკაში გაიბრწყინონ #1TVSPORT
რაგბი | Nextgenxv-ის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა - მოთამაშეები, რომლებმაც, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკაში გაიბრწყინონ #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სერიის ფარგლებში ტესტმატჩებს მართავს. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 8 აგვისტოს, პირველ შეხვედრაში ინგლისელი თანატოლები 35:31 დაამარცხეს, ქართველი მორაგბეები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშებიან, 16-ში სერიას ირლანდიასთან მატჩით დაასრულებენ.

სარაგბო გამოცემამ Nextgenxv-მა აღნიშნულ ტურნირს სტატია მიუძღვნა და იმ მოთამაშეების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებმაც, შესაძლოა, ამ ტურნირზე გაიბრწყინონ, მათ რიგებში საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე მოხვდა – ნიკოლოზ ჩხორთოლია, გაბრიელ რაზმაძე და გიორგი არძენაძე.

გამოცემამ ქართველი მორაგბეები მოკლედ დაახასიათა.

 ნიკოლოზ ჩხორთოლია

„196 სმ და 115 კგ წონის ნიკოლოზ ჩხორთოლია ძლიერი და უკომპრომისო მოთამაშეა. ის „მონპელიეს“ აკადემიის წევრია, ადრე „კლერმონში“ გამოდიოდა. მას უკვე აქვს დიდ ტურნირებზე თამაშის გამოცდილება. ცოტა ხნის წინ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშა.

ჩხორთოლია უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუ ის და მისი თანაგუნდელები საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენენ, საქართველოს აღნიშნულ სერიაში წარმატების მიღწევა შეუძლია“.

 გიორგი არძენაძე

„არძენაძემ იტალიაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებში ოთხი თამაში ჩაატარა, ახალ ზელანდიასა და ესპანეთთან სასტარტო შემადგენლობაში იყო.

იტალიაში მაღალ დონეზე ითამაშა, 160 წუთის განმავლობაში 27 ბოჭვა შეასრულა და ერთი ლელო დადო. მოსალოდნელია, რომ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება და გუნდის წარმატებში თავის წვლილს შეიტანს“.

 გაბრიელ რაზმაძე

„გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალში ფრანგული „ორიაკის“ წევრი გაბრიელ რაზმაძე საქართველოს ნაკრების საკვანძო ფიგურა იყო. იგი კომფორტულად გრძობს თავს შერკინებაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო იტალიასთან მატჩში, სადაც მისმა შრომისუნარიანობამ და მონდომებამ მისი ხასიათი გამოაჩინა“.