რაგბი | მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრები თბილისში ინგლისს ეთამაშება #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ტურნირზე გამგზავრებამდე, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე 14 ივნისს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავენ – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
გუნდის მზადებაზე კომენტარი 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:
„დიდი შეკრება დასრულდა და მზადების დასკვნით ფაზაში ვართ, რომელიც მოკლე, 3-4-დღიან შეკრებებს მოიცავს. შემოგვიერთდნენ ლეგიონერები და მოცემული მომენტისთვის მოთამაშეთა 95% ჩვენთან არის. გვაქვს მიკროტრავმები და ვნახოთ, რა იქნება.
გამოგვაკლდა გიორგი ხაინდრავა, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც 20-წლამდელებს მთავარ ნაკრებში იწვევენ, თუმცა ის ჩემპიონატზე ძალიან დაგვაკლდება.
14 ივნისს ინგლისთან ტესტმატჩს გავმართავთ. ამ შეხვედრაში ჩვენი მიზანი იმ შეცდომების გამოსწორებაა, რომელთა გამოც თებერვალში სამხრეთ აფრიკასთან დავზარალდით. ინგლისთან ყურადღება დაეთმობა როგორც გუნდის შეთამაშებას, ასევე სელექციას. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს კითხვის ნიშნები. მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები, როგორია საერთო სურათი და ასევე ის, თუ როგორ იმუშავებს ჩვენ მიერ დასახული გეგმა“, – განაცხადა კილასონიამ.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია უმასპინძლებს. ტურნირი 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ირლანდია, ახალი ზელანდია და იტალია იქნებიან.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ თამაშების განრიგი:
29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია
4 ივლისი, ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია
9 ივლისი, კალვიზანო | საქართველო – იტალია
ნახევარფინალური მატჩები – 14 ივლისს, ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი ითამაშებენ.