რაგბი მაყურებლის გარეშე გაგრძელდება
რაგბი მაყურებლის გარეშე გაგრძელდება

„მსოფლიო რაგბი“ მზად არის სარაგბო მატჩები წელიწადნახევრის განმავლობაში მაყურებლის გარეშე ჩაატაროს. ინფორმაციას „საუზ აფრიკან რაგბი მაგაზინ“ (South African Rugby Magazine), „მსოფლიო რაგბის“ ორგანიზაციის სამედიცინო რგოლზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სტატიაში ნათქვამია, რომ რაგბის მატჩებზე დასწრება გულშემატკივრებისთვის იქამდე იქნება აკრძალული, სანამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი.

„მსოფლიო რაგბი“ სპორტსმენებს რეკომენდაციებს აძლევს და მოუწოდებს დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადეები და საწყის ეტაპზე ფიზიკური კონტაქტისგან თავი შეიკავონ. ასევე, ვარჯიშების განახლებამდე, ყველას ურჩევენ, რომ რეგულარულად შეამოწმონ სხეულის ტემპერატურა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სარაგბო ტურნირი გაჩერებულია.