რაგბი - მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ჩაშლის პირასაა
რაგბი - მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ჩაშლის პირასაა

რაგბიში ტესტ მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც 27 აგვისტოს თბილისშია დაგეგმილი, ჩაშლის პირასაა, – იტყობინება რუსული გამოცემა „გაზეტა“ ვებგვერდ rt.ru-ზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ფრენები რუსეთიდან საქართველოში აიკრძალა, რაც რუსული პრესის ცნობით, საფრთხის წინაშე აყენებს მატჩის ჩატარებას.

ასევე იტყობინებიან, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია კონსულტაციას გაივლის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.

შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსულმა სარაგბო კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა ორ ქართველ მოთამაშეს იმის გამო, რომ მათ ერთ-ერთი ლელოს აღნიშვნისას ცალ თვალზე ხელი მიიფარეს და თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას სოლიდარობა გამოუცხადეს.

დატოვე კომენტარი