რაგბი | მარკო ბარტოლამი - თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით #1TVSPORT
რაგბი | მარკო ბარტოლამი - თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის ემზადება, რომლის პირველ შეხვედრას 8 თებერვალს, 16:00 საათზე შვეიცარიის ნაკრებთან სტუმრად ქალაქ ივერდონში გამართავს.

შვეიცარიაში გამგზავრებამდე ნაკრების მთავრი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამიმ და მოთამაშე თედო აბჟანდაძემ მზადების პროცესსა და მომავალ მატჩებზე კომენტარი გააკეთეს:

მარკო ბეტოლამი – „მზადება ძალიან კარგად მიმდინარეობს. კვირის განმავლობაში ბევრ ახალ ელემენტზე ვიმუშავეთ, რასაც დრო სჭირდება. ამ ყველაფერში ბიჭებმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადეს და კმაყოფილები ვართ.

ჩვენი მიზანია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში რაც შეიძლება ძლიერად ვითამაშოთ. მეტოქეებს პატივს ვცემთ – შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი მოსამზადებელ ეტაპზე კარგი მოწინააღმდეგეები არიან. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით, გუნდში ერთიანობის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია.

სასიამოვნოდ ვარ გაოცებული მოთამაშეების მონდომებითა და სწრაფად სწავლის უნარით. ისინი სიახლეებს სწრაფად ითვისებენ და ეს მომავალში ძალიან დაგვეხმარება.

ვეცდებით, ჩვენს თამაშში არსებული ნაკლოვანებები გავაუმჯობესოთ. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. მომავალი თამაშები ნათლად გვაჩვენებს, რა მიმართულებებს სჭირდება გაუმჯობესება“.

თედო აბჟანდაძე – „სანაკრებო შეკრების დაწყება ყოველთვის სასიხარულოა. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, გვყავს რამდენიმე დებიუტანტიც. ყოველთვის სასიამოვნოა მათთვის სანაკრები გამოცდილების გაზიარება.

სამწვრთნელო სტაფიც ახალია, ახალ ტაქტიკას ვამუშავებთ, რაც ამ კვირაში რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ კარგად გამოგვივიდა. დანარჩენი კი თამაშის დროს გამოჩნდება.

მეტოქეებიდან, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ესპანეთის ნაკრებია, რომელთანაც საკმაოდ რთულ და დაძაბულ თამაშს ველით.

მიზანი, იგივე რჩება – რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონობა, მაგრამ მთავარია, ახალი ტაქტიკა კარგად დავამუშაოთ, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ და, რა თქმა უნდა, გავიმარჯვოთ“.