რაგბი | ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე პირველ ტესტმატჩს თბილისში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 12 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ 19:00 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
სამწლიანი პაუზის შემდეგ (2020 წლის დეკემბრიდან) გუნდს უბრუნდება და თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს მიხეილ ნარიაშვილი. მასთან ერთად პირველ ხაზში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ლუკა ჯაფარიძე იდგებიან.
მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილისა და ლადო ჩაჩანიძის დუეტს ვიხილავთ. მესამე ხაზში ფლანკერებად თამაშს ოთარ გიორგაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე იწყებენ, შემკვრელი კი ლუკა ივანიშვილია.
შეცვლილია ღერძი და მოედანზე პირველი წუთებიდან გელა აფრასიძისა და ლუკა მატკავას დუეტი გავა.
ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემურ თაფლაძე შეუწყვილდება, ფრთებზე ოთარ ლაშხი და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძეა.
საქართველოს ნაკრებს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ აქამდე 27-ჯერ უთამაშია, საიდანაც 17 „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ცხრაჯერ გამარჯვება რუმინელებს დარჩათ.
საქართველო – რუმინეთი
საქართველო:
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს ასევე „მიხეილ მესხზე“ 19 აგვისტოს, 19 საათზე აშშ-თან გამართავს, 26-ში კი შოტლანდიას „მარიფილდზე“ დაუპირისპირდება.