საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სამ ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სამ ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT

საფრანგეთში მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში სამ ტესტმატჩს გამართავს, რომელთაგან ორს თბილისში ითამაშებს, ერთს კი – სტუმრად ედინბურგში.

მზადების დასკვნით ეტაპზე „ბორჯღალოსანთა“ შეხვედრების განრიგი ასეთია:

12 აგვისტო: საქართველო – რუმინეთი

19 აგვისტი: საქართველო – აშშ

26 აგვისტი: შოტლანდია – საქართველო

„საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და „ბორჯღალოსნები“ აქტიურად ემზადებიან. უკვე შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე, აგვისტოში სამ გასახურებელ თამაშს გავმართავთ. პირველი ორი მატჩი თბილისში ჩატარდება, მეტოქეებად რუმინეთი და აშშ გვეყოლება. ყველამ კარგად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მორაგბეებისთვის გულშემატკივრის მხარდაჭერა და მსოფლიო თასზე ამ მუხტით გაცილება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერა არც საფრანგეთში მოაკლდება როგორც ქართველი, ასევე ადგილობრივი ქომაგისაგან.

26 აგვისტოს შოტლანდიას ედინბურგში ვეთამაშებით, რომელთანაც ბოლო წლებში არაერთი თამაში გვქონდა. ჩვენთვის პატივია, რომ, უკვე მეორედ, მსოფლიო თასის წინ შოტლანდია დასკვნითი რეპეტიციისთვის მეტოქედ საქართველოს ირჩევს“, – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა.

საფრანგეთის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 9 სექტემბერს პარიზში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, 23 სექტემბერს ტულუზში პორტუგალიას შეხვდება, 30-ში ბორდოში მისი მეტოქე ფიჯი იქნება, ჯგუფურ ეტაპს კი 7 ოქტომბერს ნანტში  უელსთან მატჩით დაასრულებს.