რაგბი | ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ „გლოსტერთან“ თამაში შეაფასეს - ის დროც მოვა, როდესაც დიდ თამაშებს მოვიგებთ #1TVSPORT
რაგბი | ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ „გლოსტერთან“ თამაში შეაფასეს - ის დროც მოვა, როდესაც დიდ თამაშებს მოვიგებთ #1TVSPORT

ჩელენჯ თასზე ინგლისურ „გლოსტერთან“ მატჩი „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეაფასეს:

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი): „ვეთამაშეთ დიდი ისტორიის მქონე ძლიერ მეტოქეს, რომელსაც შემადგენლობის სიღრმეების მხრივ პრობლემები არ აქვს, ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის თამაშს მეორე ნომრები უფრო მეტი მონდომებით ატარებენ. ჩვენი ბიჭებით ამაყი ვარ. მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რათა მოედანი გამარჯვებულებს დაგვეტოვებინა და ამაში მხოლოდ ანგარიში არ იგულისხმება. დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ასეც მოხდა.

პირველ ტაიმში ორი ლელო გავიტანეთ, რომელთაგან მეორე ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გაუქმდა. არ მაქვს პასუხი, რატომ არ ჩაითვალა ის ლელო. წაგებული თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ის, რომ „გლოსტერს“ ლელო არ გავატანინეთ, თავად კი ორი გავუტანეთ, ნამდვილად იძლევა უკეთესი მომავლის იმედს.

მომდევნო მატჩი უელსში „სკარლეტსთან“ გვაქვს, 22 დეკემბერს „ჰითთან“ გველის სუპერთასის ფინალი, იანვარში კი „კასტრს“ და „კლერმონს“ ვეთამაშებით. იოლი თამაშები არ გველის, თუმცა ყველას დავანახეთ, რომ ჩელენჯ თასში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვართ და ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრას მოვიგებთ, მაგრამ მთავარია, ბოლომდე ვიყოთ ბრძოლაში და ის დროც მოვა, როდესაც დიდ თამაშებს მოვიგებთ“.

მერაბ შარიქაძე (კაპიტანი): „მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც წვიმის მიუხედავად სტადიონზე მოვიდა და ბოლომდე გვერდში გვედგა. მათი ხმა 80 წუთის განმავლობაში ისმოდა და ეს დასაფასებელია. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თამაშის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და იდეალური გარემო შექმნა.

ასეთ მძიმე თამაშებში პატარა შეცდომებს დიდი ფასი აქვს. ვინც მსგავსი ტიპის მატჩებში პირველად იღებს მონაწილეობას, მათთვის რთულია – წნეხის მიჩვევას მეტი მსგავსი დონის თამაშები სჭირდება. მნიშვნელოვანია, ყოველი თამაშის და ვარჯიშის შემდეგ ნახევარი ნაბიჯით წინ წავიდეთ. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ასეთ გუნდებთან ფავორიტებად ჩავითვლებით“.

ჩელენჯ თასზე მომდევნო შეხვედრას „შავი ლომი“ 15 დეკემბერს უელსში, „სკარლეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.