რაგბი | ლევან ჩილაჩავა – „კასტრი“ „შავ ლომთან“ სათამაშოდ დიდი მონდომებით ემზადება #1TVSPORT
რაგბი | ლევან ჩილაჩავა – „კასტრი“ „შავ ლომთან“ სათამაშოდ დიდი მონდომებით ემზადება #1TVSPORT

13 იანვარს, თბილისის დროით 19:15 საათზე „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე მესამე შეხვედრას საფრანგეთში „კასტრის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მეოთხე სეზონია, ფრანგულ კლუბში საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ლევან ჩილაჩავა თამაშობს, რომელმაც მომავალ მატჩზე ისაუბრა.

2012-2020 წლებში ლევან ჩილაჩავამ „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 54 მატჩი ჩაატარა (10 ლელო). 2011 წლიდან ის საფრანგეთის TOP 14-ის კლუბების – „ტულონის“, „მონპელიესა“ (2018-იდან) და „კასტრის“ (2020-იდან) ღირსებას იცავს.

კასტრში რაგბი ძალიან უყვართ. სტადიონი 12 500 გულშემატკივარს იტევს. დიდი თამაშების დროს, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი სტადიონზეა და შესანიშნავი გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავგადაკლული ფანები არიან, თავშეკავებითაც გამოირჩევიან და არასდროს გადადიან ზღვარს, მოწინააღმდეგე გუნდს და მის ფანებს მუდამ პატივისცემით ეპყრობიან.

სტუმრად შეიძლება ნებისმიერ გუნდთან დიდი სხვაობით დავმარცხდეთ, მაგრამ საშინაო თამაშებში ყველაფერი იცვლება – საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წაგება ყველას დაუშვებლად მიაჩნია.

„შავ ლომთან“ სათამაშოდ სრული სერიოზულობითა და მონდომებით ვემზადებით. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „შავი ლომის“ შემადგენლობის ნახევარზე მეტი საქართველოს ნაკრებში თამაშობს და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. სეზონის წინ ჩელენჯ თასზე მიზნად ჯგუფური ეტაპის გადალახვა დავისახეთ და დარწმუნებული ვარ, 13-ში მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გავალთ.

ჯერ არ ვიცი, ვიქნები თუ არა სათამაშო შემადგენლობაში, თუმცა უცნაური შეგრძნება უკვე მაქვს. „გლოსტერთან“ და „სკარლეტსთან“, რა თქმა უნდა, „შავ ლომს“ ვქომაგობდი, მის შემადგენლობაში არაერთი ისეთი მორაგბეა, რომელთან ერთადაც მითამაშია და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და თუ თამაში მომიწევს, აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებ“, – ამბობს ლევან ჩილაჩავა.

შეგახსენებთ, კასტრიდან დაბრუნების შემდეგ „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის დასკვნით ტურში, 20 იანვარს, 17:00 საათზე თბილისში, „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთ ფრანგულ გრანდს, „კლერმონს“ დაუპირისპირდება.