რაგბი | ლადო კილასონია - ამაყი ვარ ჩვენი გუნდით, ბიჭები ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ #1TVSPORT
რაგბი | ლადო კილასონია - ამაყი ვარ ჩვენი გუნდით, ბიჭები ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ #1TVSPORT

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპი თბილისში ინგლისის 20-წლამდე ნაკრებთან მატჩების სერიით დაასრულეს. პირველი შეხვედრა ქართველმა 20-წლამდელებმა დაძაბულ ბრძოლაში 36:41 წააგეს, 1-ელ ივნისს კი შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და ძლიერი მეტოქე 40:38 დაამარცხეს.

განვლილი მატჩების შესახებ კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

„პირველი თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ კომპონენტში უკეთ გამოვიყურებოდით. უკეთესი იყო დისციპლინა რაქებში თამაშისას და შეტევა. ვთვლი, რომ კონტრშეტევებისას ორივე მატჩში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ამაყი ვარ ჩვენი გუნდით, ისინი ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ.

ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთ მიზანს დაისახავს, დაიხარჯება და ეს მიზანი შესრულდება. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ამ ისტორიული გამარჯვებით, არამედ ჩვენი ბიჭების გაბედული, თამამი თამაშით.

არჩევანის გაკეთება რთული იქნება. ამ სამ თამაშში (ერთი საფრანგეთთან, ორი ინგლისთან), გუნდის შეთამაშებასთან ერთად, ერთ-ერთი მიზანი მორაგბეებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ბიჭებიც კი, ვინც სამხრეთ აფრიკაში ვერ წავლენ, ახლა ბევრად უფრო წინ არიან. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოკლე პერიოდში გვიწევს ხუთი შეხვედრის ჩატარება, რაც ტრავმების ალბათობას ზრდის და რეზერვში გამოცდილი, მაღალი დონის მორაგბეები გვეყოლება, რაც დიდი ფუფუნებაა“.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა. ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს გაემგზავრება.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).