რაგბი | „კლერმონის“ მწვრთნელმა „შავ ლომის“ წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | „კლერმონის“ მწვრთნელმა „შავ ლომის“ წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ჩელენჯ თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 იანვარს, 17:00 საათზე დაიწყება.

„კლერმონის“ სამწვრთნელო შტაბმა, კრისტოფ ურიოსის ხელმძღვანელობით, ამ შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა:

ხაზი: 15. ალექს ნიუსომი, 14. ბაუტისტა დელგი, 13. ლეონ დარიკარერე, 12. ჯორჯ მოალა, 11. ჟორის ჟურანი, 10. ენტონი ბელო, 9. ბატისტ ჟანო.

შერკინება: 1. ეტიენ ფალგუ (კაპ), 2. ფოლაუ ფაინგა, 3. კრისტიან ოივანი, 4. ტიბო ლანენი, 5. თომას ლავანინი, 6. ლუკას დესენი, 7. მარკოს კრემერი, 8. პიტა გუს სოვაკულა.

მარქაფა: 16. რობინ კოული, 17. გიორგი ბერია, 18. რაბაჰ სლიმანი, 19. რობ სიმონსი, 20. კილიან ტიკსერონტი, 21. სებასტიენ ბეზი, 22. ტეო გირალი, 23. პიტერ ფუისაკი.

„კლერმონი“ 1911 წელს მარსელ მიშლენმა დააარსა. იგი, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდია – „კლერმონს“ ყველაზე მეტი ფინალი აქვს წაგებული. ისინი 14-ჯერ იყვნენ ტოპ 14-ის (და მისი წინამორბედი გათამაშების) ფინალში და მხოლოდ ორში გაიმარჯვეს – 2010 და 2017 წლებში. სამჯერ წააგეს ჩემპიონთა თასის (2013, 2015, 2017) და ერთხელ ჩელენჯ თასის (2004) ფინალი, თუმცა სამჯერ გახდნენ ჩელენჯ თასის გამარჯვებულები (1999, 2007 და 2019), რაც სარეკორდო მაჩვენებელია – „კლერმონის“ მსგავსად, სამჯერ აქვს მოგებული ჩელენჯ თასი ინგლისურ „ჰარლიქუინსს“.

დაარსების დღიდან გუნდი საშინაო შეხვედრებს „სტად მარსელ-მიშლენზე“ ატარებს, რომელიც რამდენჯერმე განახლდა და ამჟამად 19 357 მაყურებელს იტევს. გუნდის სათამაშო ფორმის ფერებია ყვითელი და ლურჯი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე „კლერმონში“ არაერთ ქართველ მორაგბეს უთამაშია. ესენი არიან: დავით აშვეთია, ლევან ცაბაძე, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, ბექა კაკაბაძე, ვიტო კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე და გიორგი ძმანაშვილი (რომელიც ახლაც ამ გუნდის წევრია). „კლერმონის“ შერკინების მწვრთნელი იყო დავით ზირაქაშვილი, ვიტო კოლელიშვილი კი 18-წლამდელთა გუნდს ახლაც ავარჯიშებს.

მოცემული მომენტისთვის „კლერმონს“ საფრანგეთის ტოპ 14-ში 26 ქულა აქვს (5 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი) და მე-9 ადგილზეა. ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში კი, ორი მოგებითა და 10 ქულით, სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. „კლერმონმა“ ბონუსით დაამარცხა „ედინბურგი“ (31:18) და „სკარლეტსი“ (38:17), „გლოსტერთან“ კი სტუმრად 17:28 დამარცხდა.