რაგბი | კარკაძის, იაშაღაშვილისა და აბდალაძის ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-16 ტურის მატჩები.
„ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „კარკასონი“ 33:6 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა ვანო კარკაძის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს. კარკაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა.
„მონ დე მარსანი“ „ვანთან“ გასვლით შეხვედრაში 29:47 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ერთი ლელო მატჩის მიწურულს იოანე იაშაღაშვილმა დადო (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან, შესაძლოა, „ვანში“ გადავიდეს), მისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე ლელოა.
„ბრივმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი წვრთნის, საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით, 61:22 „ბიარიცი“ დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი ლელო ვახტანგ აბდალაძის ანგარიშზეა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძე „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. აბდალაძემ მიმდინარე სეზონში მეორე ლელო დადო.
„ორიაკი“ 14:15 დამარცხდა „კოლომიესთან“. ამ შეხვედრაში თედო აბჟანდაძემ ორჯერ ზუსტად შესრულებული გარდასახვით გამოიჩინა თავი.