რაგბი | ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ცხრა მორაგბე დააკლდება – სამწვრთნელო შტაბმა გუნდს ლუთიძე და თეთრაშვილი დაამატა #1TVSPORT
საქართველოს მორაგებთა ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩებისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს თბილისში ირლანდიას უმასპინძლებენ, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ჩიტასს“ დაუპირისპირდებიან, 19 ივლისს კი მსოფლიო თასის მოქმედ გამარჯვებულს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ეთამაშებიან.
ტრავმების გამო ივლისის ტესტებს სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), ბექა გორგაძე („პო“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), დავით ლაგვილავა („პერპინიანი“) და ბექა შვანგირაძე („ლიონი“) გამოტოვებენ.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობას ორი ახალი მორაგბე დაამატა – ზაფხულის ტესტებისთვის გუნდთან ერთად გიორგი თეთრაშვილი და ზაურ ლუთიძე მოემზადებიან.