რაგბი | ირლანდიასთან მატჩამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა #1TVSPORT
რაგბი | ირლანდიასთან მატჩამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩს 18 აპრილს ირლანდიელ თანატოლებთან გამართავს. შეხვედრა „სტად მუნიციპალ ლუის დარაგონზე“ თბილისის დროით 15:15 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრამდე უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები მოხდა – ტრავმების გამო შეკრება გუნდის კაპიტანმა, დავით ბარამიამ და შოთა გვრიტიშვილმა დატოვეს – ბარამიამ ტვინის შერყევა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს, გვრიტიშვილს კი მუხლის ტრავმა აქვს.

ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად გუნდს საბა გიორგაძე და ზაზა ლეჟავა დაემატნენ, რომლებიც უკვე საფრანგეთში არიან და გუნდთან ერთად ემზადებიან.

ირლანდიასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არის მათე ბერუაშვილის თამაშიც – მან მხარი დაიზიანა, თუმცა გუნდთან ერთად რჩება და მწვრთნელები თამაშის დღეს გადაწყვეტენ, შეძლებს თუ არა ირლანდიასთან მოედანზე გასვლას.