რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავი ლომი“ ზედიზედ მესამე ფინალისთვის იბრძვის - „იბერიანსთან“ ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავი ლომი“ ზედიზედ მესამე ფინალისთვის იბრძვის - „იბერიანსთან“ ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

2 დეკემბერს, 14:00 საათზე „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ „ავჭალაზე“ ეთამაშება და ტურნირის ფინალში გასვლას ზედიზედ მესამედ შეეცდება.

სუპერთასის წლევანდელ სეზონის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ „იბერიანსი“ თბილისში 39:19 დაამარცხა. მათთან გამარჯვების შემდეგ ქართულმა გუნდმა ჯერ პორტუგალიაში „ლუზიტანუშს“ მოუგო 22:0, მერე კი ისრაელის „ჰითსს“ კვიპროსში 29:27 სძლია და ჯგუფური ეტაპი 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

„იბერიანსთან“ ნახევარფინალური შეხვედრისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, გუნდში რამდენიმე ცვლილებაა.

ცხრა ნომრის პოზიციაზე, თენგიზ პერანიძის ნაცვლად, თამაშს გიორგი მარგალიტაძე იწყებს. სხვა მხრივ ხაზი ისეთივეა, როგორიც ესპანელებთან პირველი მატჩის დროს იყო. „ჰითთან“ თამაშის შემდეგ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – ცენტრში გიორგი კვესელაძე ითამაშებს, ხოლო ფრთაზე სანდრო თოდუა დაბრუნდა.

პირველ ხაზში ნიკა ხატიაშვილმა მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გადაინაცვლა, მარჯვნივ გიორგი ჩხარტიშვილი დადგება, კვაჭი კი ირაკლი ქვათაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება. ზედიზედ მესამე შეხვედრას უცვლელად იწყებს მესამე ხაზი – ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ივანიშვილი ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც „შავი ლომის“ ყველა, 30-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა როგორც რაგბი ევროპის სუპერთასზე, ასევე სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე.

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკა პატარაია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. თორნიკე კახოიძე.